28.01.2013 - დავით მალაზონიას უორქშოფი ილიაუნიში
25 იანვარს, ილიაუნის თეატრის სცენაზე, ბრემენის „დიდი თეატრის“ მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, დავით მალაზონიამ უორქშოფი გამართა. უორქშოფშ მონაწილეობა ილიაუნის თეატრალური ცენტრის სტუდენტებმა და კურსამთავრებულებმა მიიღეს.
ორი საათის განმავლობაში მათ ყურადღების და იმპროვიზაციის ის სავარჯიშოები შეასრულეს, რომელსაც ბრემენის „დიდი თეატრის“ მსახიობები სპექტაკლამდე მოთელვის სახით გადიან. ასევე, მათ იმღერეს დავით მალაზონიას აფრიკული ნანა - „ენიმენი“, სპექტაკლიდან „მომო“.
დავით მალაზონია თხუთმეტი წელია გერმანიაში მოღვაწეობს და ცამეტი წელია ის ბრემენის „დიდი თეატრის“ მუსიკალური ხელმძღვანელია. მან დაწერა მუსიკა სპექტაკლებისთვის „პინოქიო“, „მაუგლი“,„იოსები და მისი ძმები“ „ჯადოსნური ფლეიტა“ და „გომბეშოს მოგზაურობა“. უორქშოფის დასასრულს, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა ფრაგმენტები იხილეს ამ სპექტაკლებიდან.
დავით მალაზონიასთან ერთად, უორქშოფში მონაწილეობა მიიღეს მევიოლინე გუჯა გარდალეიშვილმა და „ანა-ბანას“ მონაწილე მანანიკო მურღულიამ.
23.12.2012 - "ევრიდიკე" – პრემიერა
28, 29 და 30 დეკემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართება ჟან ანიუს ცნობილი პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის „ევრიდიკე” პრემიერა
ჟან ანუის „ევრიდიკე“ გამორჩეულად ბედნიერი პიესაა, თეატრები მას ხშირად და სიამოვნებით მიმართავენ. ეს პიესა განსაკუთრებით უყვართ რეჟისორებს იმ გასაოცარი სამყაროსათვის, რომელსაც ავტორი თითქოს არაფრიდან, პირველივე ფრაზებით ქმნის; მსახიობებს – პერსონაჟების გამო, რომლებიც მიუხედავად როლის სიდიდისა, თამაშის უამრავ შესაძლებლობას იძლევა; მაყურებელს – იმ ყოვლისმომცველი, დამანგრეველი სიყვარულის გამო, რომლის ისტორიასაც ეს პიესა ყვება.
ორფეოსისა და ევრიდიკეს ამბავი ერთ–ერთი ყველაზე ძველი ლეგენდაა სიყვარულზე – გველის ნაკბენისაგან გარდაცვლილი ევრიდიკე მომღერალმა ორფეოსმა იმ ქვეყნიდან გამოიხსნა, თუმცა ცდუნებას ვერ გაუძლო, პირობა დაარღვია და სატრფოს მანამდე შეხედა, ვიდრე ჩრდილების სამფლობელოს გაეცლებოდნენ. ჟან ანუის ვერსიაში ორფეოსი მოხეტიალე მევიოლინეა, ევრიდიკე – ღარიბი მსახიობების ქალიშვილი, მოქმედება კი მეოცე საუკუნის 40–იანი წლების ფრანგულ პროვინციაში ვითარდება. დანარჩენს იხილავთ სპექტაკლში, რომელსაც თქვენთვის ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები გაითამაშენენ.
8.11.2012 - „პოსტსაბჭოთა დრამატურგია“ ილიაუნის თეატრში
27 ნოემბერს ილიაუნის თეატრმა უმასპინძლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ გამოცემული პიესების და წერილების კრებულის „პოსტსაბჭოთა დარამატურგია“ პრეზენტაციასა და კრებულში შესული პიესების „თეატრალიზებული კითხვებს“
600 გვერდიანი გამოცემა „პოსტსაბჭოთა ქვეყნების დრამატურგია - აქცენტები ცენზურის გარეშე დარჩენილ სივრცეში“ წარმოადგენს პოსტსაბჭოთა ქვეყნების დრამატურგიაში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების ანალიზს საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე. კრებული იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ის მომზადებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც ზრდის მის დანიშნულებას და რეალიზაციის არეალს.
კრებულში ფართოდ არის წარმოდგენილი თანამედროვე ქართული დრამატურგიის ტენდენციების ანალიზი საკუთრივ დრამატურგიასთან ერთად.
ეს არის ოცწლიანი პერიოდის კომპლექსურად გააზრების პირველი მცდელობა ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსების მიზნით. ამ უმნიშვნელოვანესი, აქტუალური და პრობლემატური საკითხის კვლევაში ქართველებთან ერთად ჩართული იყვნენ უცხოელი თეატრის კრიტიკოსები და დრამატურგები ლიტვიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებმაც წარმოადგინეს „ახალი დროის“ ავტორები და შეეცადნენ გაეანალიზებინათ თეატრსა და დრამატურგიაში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესები საკუთარი ქვეყნის მაგალითზე.
გამოცემა კარგი საჩუქარია არა მხოლოდ ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის, არამედ ქართველი და უცხოელი რეჟისორებისთვის, რომლებიც ხშირად უჩივიან თანამედროვე პიესების თარგმანების ნაკლებობას.
გამოცემა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თანამედროვე დრამატურგიისა და პროფესიული თეატრალური ლიტერატურის მთარგმნელობითი და კვლევითი ცენტრის, ილიაუნის თეატრის მხარდაჭერით.
პოსტსაბჭოთა ქვეყნების დრამატურგიის კრებულში დაბეჭდილია ახალი თაობის ცნობილი დრამატურგების დიანა ბალიკოს, ნინა ბელენიცკაიას, ნედა ნეჟდანას, ისმაილ იმანოვის, ნათელა ოსმანლის, ვლადიმერ სნეგურჩენკოს, იულიუს კელერასის, ელჩინის, კარინე ხოდოკიანის, ლაშა ბუღაძის, რეზო კლდიაშვილის, ნიკუშა ანთაძის და ოთარ ქათამაძის პიესები.
გამოცემის შემდეგ ილიაუნის თეატრში გაიმართა პიესების „თეატრალიზებული კითხვა“, რომელიც მოამზადეს ახალგაზრდა რეჟისორებმა ირაკლი გოგიამ, პაატა ციკოლიამ, ნინი ჩაკვეტაძემ, გიორგი ჩხაიძემ, გიორგი ლომთაძემ და სხვებმა. „თეატრალიზებულ კითხვებში“ ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტის სამსახიობო სპეციალობის სტუდენტები მონაწილეოებენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий